კონტაქტი

 

 

Banner
     
კავშირის წევრები და მათი უფლება-მოვალეობები
   

ვინაიდან კავშირი თავის საქმიანობას ახორციელებს საერთაშორისო მასშტაბით და არ არის შეზღუდული საქართველოს ტერიტორიით, ხოლო კავშირის წევრები შესაძლებელია სხვადასხვა ქვეყნებში იმყოფებოდნენ და იქ ეწეოდნენ თავიანთ საქმიანობას, კავშირის სტრუქტურული ერთეულების ჯეროვანი ფუნქციონირებისათვის (წევრთა საერთო კრება, გამგეობის სხდომა) კავშირი ითვალისწინებს წევრთა შემდეგ კატეგორიებს: დამფუძნებელი წევრები, ნამდვილი წევრები, ასოცირებული წევრები და საპატიო წევრები.

       

კავშირის დამფუძნებელი წევრი

 

კავშირის დამფუძნებელი წევრები არიან ის პირები, რომლებიც აფუძნებენ კავშირს და ხელს აწერენ კავშირის წესდებას.

დამფუძნებელ წევრებსა და ნამდვილ წევრებს აქვთ იდენტური უფლება-მოვალეობანი.

 

კავშირის ნამდვილი წევრი

 

კავშირის ნამდვილი წევრი შეიძლება გახდეს 18 წელს მიღწეული საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი, აგრეთვე იურიდიული პირი.

 

კავშირის ნამდვილი წევრობის მსურველი პირი წერილობითი განცხადებით მიმართავს კავშირის გამგეობას. აღნიშნული განცხადება უნდა იყოს შედგენილი კავშირის გამგეობის თავმჯდომარის სახელზე, მას უნდა ერთვოდეს: კავშირის გამგეობის არანაკლებ ერთი წევრის რეკომენდაცია, დახასიათება უკანასკნელი ან არსებული სამუშაო ადგილიდან ან სასწავლო დაწესებულებიდან /იმ შემთხვევაში თუ პირი სწავლობს/, სამოტივაციო წერილი და შრომითი ბიოგრაფია (CV) /ფიზიკური პირისათვის/. იმ შემთხვევაში თუ კავშირის ნამდვილი წევრობის მსურველი იურიდიული პირია, მან განცხადებასთან ერთად წერილობითი ფორმით უნდა წარმოადგინოს დეტალური ინფორმაცია იურიდიული პირის უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის შესახებ და სამოტივაციო წერილი.

       

გამგეობა წევრად მიღების საკითხს წყვეტს განცხადების შემოსვლიდან პირველივე სხდომაზე. საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში გასცემს კავშირის ნამდვილი წევრის მოწმობას.

       

 

კავშირის ნამდვილ წევრს უფლება აქვს:

  • ატაროს კავშირის სიმბოლიკა;
  • ისარგებლოს კავშირის ბიბლიოთეკით და კავშირის ტექნიკური საშუალებებით, ასევე ელექტრონულ მონაცემთა ბაზებით (მომხმარებლის დონეზე და უფლებებით);
  • მიიღოს სრული ინფორმაცია კავშირის საქმიანობის შესახებ;
  • მიიღოს კავშირის მიერ გამოცემული ბეჭდვითი პროდუქციის ეგზემპლარი;
  • მონაწილეობდეს კავშირის წევრთა საერთო კრების მუშაობაში;
  • აირჩიოს და არჩეულ იქნეს კავშირის ხელმძღვანელ, მმართველ და წარმომადგენლობით ორგანოებში, აგრეთვე არჩეულ/დანიშნულ იქნეს კავშირში არსებულ ნებისმიერ თანამდებობაზე;
  • მიიღოს მონაწილეობა კავშირის მიმდინარე საქმიანობაში;
  • მიიღოს მონაწილეობა კავშირის სამომავლო საქმიანობის დაგეგმვაში.
  • კავშირის ნამდვილი წევრი ვალდებულია:
  • დაიცვას კავშირის წესდებით დადგენილი სამართალმდგომარეობანი;
  • დაიცვას კავშირის შიდა რეგულირების აქტები;
  • გაუფრთხილდეს კავშირის სიმბოლიკას, ღირსებასა და ავტორიტეტს;
  • გაუფრთხილდეს კავშირის ბალანსზე მყოფ ქონებას.

კავშირის ასოცირებული წევრი

 კავშირის ასოცირებული წევრი შეიძლება გახდეს 18 წელს მიღწეული საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი, აგრეთვე იურიდიული პირი.

 

კავშირის ასოცირებული წევრობის მსურველი პირი წერილობითი განცხადებით მიმართავს კავშირის გამგეობას. აღნიშნული განცხადება უნდა იყოს შედგენილი კავშირის გამგეობის თავმჯდომარის სახელზე, მას უნდა ერთვოდეს: სულ მცირე კავშირის ორი ნამდვილი წევრის რეკომენდაცია, დახასიათება უკანასკნელი ან არსებული სამუშაო ადგილიდან ან სასწავლო დაწესებულებიდან /იმ შემთხვევაში თუ პირი სწავლობს/, სამოტივაციო წერილი და შრომითი ბიოგრაფია (ჩV) /ფიზიკური პირისათვის/. იმ შემთხვევაში თუ კავშირის ასოცირებული წევრობის მსურველი იურიდიული პირია, მან განცხადებასთან ერთად წერილობითი ფორმით უნდა წარმოადგინოს დეტალური ინფორმაცია იურიდიული პირის უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის შესახებ და სამოტივაციო წერილი.

 

გამგეობა წევრად მიღების საკითხს წყვეტს განცხადების შემოსვლიდან პირველივე სხდომაზე. საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში გასცემს კავშირის ასოცირებული წევრის მოწმობას.

      

კავშირის ასოცირებული წევრი სარგებლობს კავშირის ნამდვილი წევრისათვის კავშირის წესდების 4.3.4. მუხლის ა), ბ), გ), დ) და ზ) პუნქტებით მინიჭებული უფლებებით. მას ასევე შეუძლია მიიღოს მონაწილეობა კავშირის წევრთა საერთო კრების მუშაობაში და კავშირის სამომავლო საქმიანობის დაგეგმვაში სათათბირო ხმის უფლებით. ასოცირებული წევრი მონაწილეობას არ იღებს კავშირის წევრთა საერთო კრების მიერ ჩატარებულ კენჭისყრაში.

 

ასოცირებულ წევრზე, ვალდებულებათა მოცულობის ასპექტში ვრცელდება წესდების 4.3.5 მუხლით, კავშირის ნამდვილი წევრისათვის დადგენილი ყველა სამართალმდგომარეობა.

     

კავშირის საპატიო წევრი

კავშირის საპატიო წევრი შეიძლება გახდეს 18 წელს მიღწეული საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე.

 

პირისათვის საპატიო წევრობის მინიჭება ხდება კავშირის გამგეობის მიერ, გამგეობის ერთ-ერთი წევრის წარდგინების საფუძველზე, პირველივე სხდომაზე. ამასთან აუცილებელია გამგეობისათვის წარმოდგენილ იქნას კავშირის საპატიო წევრის კანდიდატის წერილობითი თანხმობა მისთვის საპატიო წევრობის მინიჭების შესახებ.

 

კავშირის საპატიო წევრზე ვრცელდება კავშირის ნამდვილი წევრისათვის მინიჭებული ყველა ის უფლებამოვალეობა, რომლებიც ასახულია კავშირის წესდების 4.3.4 და 4.3.5 მუხლებში. გარდა ამისა, საპატიო წევრს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს კავშირის გამგეობის სხდომებში. ამასთანავე, ყველა შესაბამის შემთხვევაში მას აქვს მხოლოდ სათათბირო ხმის უფლება.

      

 კავშირის საპატიო წევრს უფლება აქვს ნებისმიერ დროს, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარი თქვას საპატიო წევრობაზე. ამისათვის საკმარისია მისი წერილობითი განცხადება გამგეობის სახელზე.

     

კავშირის წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები

კავშირის წევრის უფლებამოსილება წყდება:

  • პირადი განცხადების საფუძველზე;
  • სასამართლოს მიერ, მისი ქმედუუნაროდ ცნობისას, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან;
  • გარდაცვალებისას.
  • კავშირის წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილებით (წევრის გარიცხვისას);

       კავშირის წევრი კავშირის წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილებით გაირიცხება კავშირიდან, თუ:

       ა) მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება კავშირის მიზნებს;

       ბ) იგი უხეშად არღვევს კავშირის წესდებით მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.

გარიცხულ წევრს უფლება აქვს, გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოში.

   
         

 

საქართველოს იურისტები საზღვრების გარეშე

ყველა უფლება დაცულია

  eXTReMe Tracker  

სახლი |   ჩვენ შესახებ  |    რესურსები  |    სიახლეები   |    კონტაქტი
Copyright 2005-2008 Georgian Lawyers Without Borders